ალია“ ესაუბრება იტალიაში, ქალაქ ლეჩეში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მზევინარ ქავთარაძე.

– მზევინარ, რა მდგომარეობაა იტალიაში კოვიდპანდემიის კუთხით? როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი?

– იტალიაში მოსახლეობის 70% უკვე აიცრა. მე ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით. ჩემი დაც აქ არის და ის „ჯონსონ–ჯონსონით“  აიცრა. ვინც აცრილია, იმათ „მწვანე ბარათი“ გვაქვს და გარკვეული პრივილეგიებიც, თუ პირიქით, აუცრელებს აქვთ შეზღუდვები. პრინციპში, ორივე ერთია. ეს „მწვანე ბარათი“ ჩვეულებრივი აპლიკაციაა, ტელეფონში გაქვს და ისე იყენებ. აუცრელებს, ამ „მწვანე ბარათის“ გარეშე,  არ უშვებენ რესტორნებში, კაფე–ბარებში, მუზეუმებში, დისკოთეკებზე, კინოებსა და თეატრებში. ვერ მგზავრობენ მატარებლით, თვითმფრინავით და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით. ქუჩაში არავინ გაჩერებს და არ გთხოვს ამ საბუთს.  იტალიამ რომ უბედურება გადაიტანა ამ პანდემიის გამო, ისეთი არც ერთ ქვეყანას არ გადაუტანია. ათასზე მეტი ადამიანი კვდებოდა დღეში, მაგრამ ახლა  ისწავლეს მართვა. ჯანდაცვის სისტემა  კვლავ ფეხზე დადგა. აი, მაგალითად, გუშინ 45 გარდაცვლილი იყო და უკვე განგაშის ზარებს შემოჰკრეს. გარდაცვლილთა ეს რაოდენობაც ტურისტულმა სეზონმა განაპირობა. მე სამხრეთ იტალიაში ვარ, პუბლიას რეგიონში და მთელი ჩრდილოეთ  იტალია აქ არის, ზღვაზე. ამ ეტაპზე მთელი იტალია თეთრ ზონად არის გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს, ყველაფერი გახსნილია. დარჩა მარტო პირბადე. დახურულ სივრცეში ყველა ატარებს პირბადეს. დაინფიცირებულთა  და გარდაცვლილთა რიცხვის  მატება უფრო სიცილიაშია და აპირებენ, სიცილია ყვითელ ზონაში გადაიყვანონ და გარკვეული შეზღუდვები შემოიღონ. 45 გარდაცვლილი ცოტა არ არის, მაგრამ 60 მილიონ ქვეყანაში, რომელიც შარშან, თვეების მანძილზე  პირველ ადგილზე იყო გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში,  ეს უზარმაზარი წინსვლაა.


– რითი ხსნიან ამ წინსვლას იტალიელები?

– ერთი, რომ ვაქცინაციამ შეზღუდა გავრცელების არეალიც და სიკვდილიანობაც. მეორე, ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს.  უკვე აღარაფრის დეფიციტი აღარ არის აქ. ადრე  ხალხი ჟანგბადის არქონის გამო იღუპებოდა, საავადმყოფოში ვერ გადაჰყავდათ ხალხი და იღუპებოდა. ყველაფერი გამოასწორეს. ექიმები უკვე ნორმალურ ვითარებაში მკურნალობენ პაციენტებს. მართალია, კორონას წამალი არ არსებობს, მაგრამ თავად იტალიელმა ექიმებმა მიაგნეს ეფექტურ წამლებს და სხვა ქვეყნის ექიმების გაამოცდილებასაც იყენებენ, რომლებიც ვირუსს ებრძვის და ადამიანებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება. დისტანციურად მკურნალობაც ეფექტურად მუშაობს. მოკლედ, შოკიდან გამოვიდნენ და ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდა. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა, მაინც ფრთხილობენ. პირადობის მოწმობა მაქვს გამოსაცვლელი და აგვისტოს დასაწყისში დავრეგისტრირდი. გაისად, 14 თებერვალს მიწევს მისვლა კომუნაში, ჩვენებურ გამგეობაში.  მომსახურების ყველა სფეროში, სადაც ბევრი ხალხის თავშეყრა შეიძლება მოხდეს, რიგები დადგეს, ასე ნელა მუშაობენ, წელავენ ვადებს, რათა ეს თავიდან  აიცილონ შესაძლო გართულებები. თან ლაპარაკია ქალაქზე, სადაც 100 000 კაცი ცხოვრობს, მეტი არა.

– ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები არ აქტიურობენ?

– კი, არიან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები, ზოგი არ იცრება, აპროტესტებენ, მაგრამ უმცირესობაში არიან. თუმცა, ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება დისკრიმინაციის წინააღმდეგ. შს ყოფილი მინისტრი, პარტია „ლიგას“ თავმჯდომარე, მატეო სალვინი და ყოფილი პრემიერი, სილვიო ბერლუსკონი არიან ამის სათავეში. ეწინააღმდეგებიან  იმ შეზღუდვებსაც, რაც აუცრელ ადამიანებს დაუწესდათ –„მწვანე ბარათის“ წინააღმდეგნი არიან. რამდენიმე საპროტეტო აქცია გამართეს ნეაპოლში, რომში, მილანში და კიდევ რამდენიმე ქალაქში. მიმდევრები ჰყავთ და  საკმაოდ ბევრიც, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ გაჰყვა მათ. ხომ გითხარით, 60 მილიონ ქვეყანაში უკვე მოსახლების  70%  აიცრა, ამ ხალხმა აიღო „მწვანე ბარათი“ და ვაქცინაცის პროცესი შეუფერხებლად კი არადა, ძალზე აქტიურად გრძელდება. სალვინი უფრო პოპულისტი გამოდგა, ვიდრე პატრიოტი. ახლა ავღანელი ლტოლვილების საკითხზე გადაერთო, ლტოლვილები არ მიიღოთო, მოუწოდებს ხელისუფლებას. თუმცა, გამოვიდა რომის პაპი და განაცხადა,  იტალიამ და ყველა კათოლიკურმა  ქვეყანამ უნდა მიიღოს ლტოლვილებიო და პაპის სიტყვამ გადაწონა სალვინის პროტესტი. სხვათაშორის, იტალიის კონსულმა ავღანეთში, ქაბულის აეროპორტი არ დატოვა მანამდე, ვიდრე უკანასკნელი იტალიელი არ ჩამოვიდა აქ და თვითონ ბოლოს გამოფრინდა ლტოლვილებთან ერთად. რაღაც სხვანაირი ხალხია იტალიელები, ესენი ერთმანეთს გასაჭირში არ მიატოვებენ. დაახლოებით, 2 000 ავღანელი ლტოლვილი მიიღო იტალიამ, ბავშვები და ქალები. თავად სალვინი და ბერლუსკონი, როგორც ამბობენ, აცრილები არიან. სალვინს რუსეთთან თანამშრომლობაში, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობაში ადანაშაულებენ. სალვინი აქტიურობდა, რომ ხელისუფლებას რუსული ვაქცინა, „სპუტნიკი“ შემოეტანა და იმით აეცრათ ხალხი. ყველა სხვა ვაქცინის სასტიკი წინააღმდეგი იყო. არ დაუჯერეს და კარგიც ქნეს. რუსებმა, შარშან, ჰუმანიტარული დახმარება რომ გამოგზავნეს იტალიაში და რუსი ექიმებიც ჩამოვიდნენ, იმ ჩამოტანილი სამედიცინო აპარატურის ნაწილი არ ვარგოდა, მოშლილი იყო და ვერ გამოიყენეს იტალიელმა ექიმებმა. ამანაც ცუდად იმუშავა სალვინის რეპუტაციაზე.

– რა უფლებები დარჩათ აუცრელ ადამიანებს?

– ქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობას, მარკეტებსა და აფთიაქებში შესვლას არ უკრძალავენ. თუმცა, სადაც ცხოვრობენ, იმ ქალაქებს ვერ გასცდებიან. ასევე, შეუძლიათ, რესტორნიდან თუ კაფედან, მხოლოდ საკვების, სასმელის შეკვეთა და სახლში წაღება. იქ ვერ დასხდებიან და ვერ მიირთმევენ საჭმელს. ესეც მხოლოდ პირბადით, თუმცა, პირბადე აცრილთათვისაც სავალდებულოა. თუ ავად გახდა, ცხადია, ექიმთან მისვლაც შეუძლია. სულ ეს არის, რაც ვიცი.

– ვინც იტალიაში მუშაობთ ოჯახებში, აცრას ყველას გავალდებულებენ დამსაქმებლები?

– კი, ყველას სთხოვენ აცრას. მე იტალიაში ცხოვრების უფლება მაქვს, აქ ჩაწერილი ვარ და ჩემნაირი უამრავია. ჩვენთვის ხელისუფლებამ გამოყო ვაქცინების დოზა და ჩვეულებრივად ავიცერით. ვისაც საბუთები ბოლომდე არ აქვს მოწესრიგებული, მაინც მუშაობს და ვერ მოხვდა ასაცრელთა ბაზაში, ასეთებს „წითელი  ჯვარი“ ცრის.   ყველა ქალაქში აქვთ გახსნილი სპეციალური პუნქტები. მოკლედ, ვისაც აცრა უნდა, იტალიაში აუცრელი არ დარჩება.

– სახელმწიფო სტრუქტურებში ვინც დასაქმებულია, ყველასთვის სავალდებულოა აცრა?

– კი, მათთვის, ექიმებისთვის და სკოლებისა და ბაგა–ბაღის პედაგოგებისთვის სავალდებულოა. სხვა პროფესიის ადამიანებისთვის არ არის სავალდებულო, მაგრამ „მწვანე ბარათის“ არქონა იმხელა დისკომფორტია, მის გარეშე იმდენ რაიმეზე უწევს ადამიანს უარის თქმა, იძულებულნი არიან აიცრან. თუმცა, ვიდრე  ამ  „მწვანე ბარათს“ შემოიღებდნენ და შეზღუდვები დაწესდებოდა, იტალიის  მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე აცრილი იყო.

– ბიზნესში დასაქმებულებს აძალებენ აცრას?

– არავინ არაფერს აძალებს. ეს „მწვანე ბარათი“ შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთგვარ ზეწოლად, თორემ სხვა სახის ზეწოლა არ არის. ფაქტია, ეს ერთგვარი დისკრიმინაციაა, ადამიანის უფლებების შეზღუდვაა, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სხვა გზა არ არსებობს. დასრულდება ეს პანდემია და მერე ვიცხოვრებთ ჩვეულებრივ რეჟიმში, ყოველგვარი „მწვანე ბარათებისა“ და პირბადეების გარეშე. რაც იტალიამ გადაიტანა, იმის მერე, ხელისუფლებას, პრემიერ–მინისტრს, მარიო დრაგის ვერ გავამტყუნებ, რომ ეს შეზღუდვები დააწესეს.

– აცრის შედეგად იტალიაში ვინმე ხომ არ დაღუპულა, ან მძიმე გვერდითი მოვლენები ხომ არ დაფიქსირებია ხალხს?

–20 წლის ბიჭი დაუღუპა „ასტრა–ზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ და იმ დღის შემდეგ, იტალიამ უარი თქვა ამ ვაქცინაზე და რაც შემოტანილი ჰქონდა, ის ვაქცინები აღარ გამოუყენებიათ. თუმცა, მეორეს მხრივ, „ასტრა–ზენეკათი“ სხვა და სხვა ქვეყნებში აიცრა ხალხი, არც არავინ დაღუპულა და არც სერიოზული გვერდითი მოვლენები ჰქონიათ. არ ვიცი, იტალიის შესაბამისმა სახელისუფლებო სამსახურებმა, „ასტრა–ზენეკა“  არ მიიჩნიეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ვაქცინად და შეაჩერეს მისი გამოყენება, ეს ფაქტია.

– საქართველოში მძიმე ვითარებაა ეპიდემიის მხრივ. იტალიაში მცხოვრები ქართველები რას ფიქრობთ? ბევრი ამბობს, რომ დღეს საქართველო იმავე მდგომარეობაშია, შარშან იტალია რომ იყოო.

– საუბედუროდ, მართლა ეგრეა საქმე. ჯერ რაღა დავრჩით და თუ მალე სიკვდილიანობა მკვეთრად არ შეამცირეს, გავწყდებით. დღეში 70 და 75 გარდაცვლილი 3.5 თუ 4  მილიონიან ქვეყანაში კატასტროფაა. კი, იგივე ხდება, როდესაც 60 მილიონიან იტალიაში 1 000 და მეტი კაცი კვდებოდა და აქ მაშინ იყო დღიურად დაინფიცირებულთა რიცხვი 5 000 და ამდენივე დაინფიცირებულია დღეს  საქართველოში. ერთადერთი გამოსავალი აცრააა, სხვაგვარად ეს საშინელება არ გაჩერდება. ჩემი აზრით, პირდაპირ ეთერში რომ აიცრა ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე და აცრიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, ეს იყო შოკი მოსახლეობისთვის. თან ეს მოხდა მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის დაწყებული იყო ვაქცინაცია. მერე, თან ექთანი გარდაიცვალა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ბევრმა იფიქრა, ექთანი დაიღუპა აცრიდან რამდენიმე წუთში და მე რა მომივაო? ამ შოკიდან ბევრი დღემდე ვერ გამოსულა და ესეც აფერხებს ვაქცინაციას საქართველოში. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ვაქცინაციას არ აქვს ალტერნატივა, უნდა აიცრას ხალხი, თუ ასე არ მოხდა, როგორც იტალიის ჯანდაცვის სისტემა ჩამოიქცა შარშან, იგივე მოხდება საქართველოში. მძიმედ დაავადებულებსაც  ვეღარ მიიღებენ კლინიკები, რადგან  ადგილები არ იქნება. არ იქნება  ჟანგბადი, არ იქნება მედიკამენტები… ექიმები და ექთნები გადატენილ კლინიკებში მყოფ პაციენტებსაც ვერ აუვლენ, ვერ უმკურნალებენ. თუმცა, საქართველოში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი სხვა მიზეზითაც არის. კლინიკებში ისე შეჰყავთ და ისე მკურნალობენ პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის ისტორია არ იციან, არ იციან, რა დაავადებები სჭირთ. ყველა პაციენტს ინდივიდუალურად უნდა უმკურნალონ. კონკრეტული წამალი თუ ერთ პაციენტს არგებს, მეორე ვნებს, რადგან ისეთი დაავადება აქვს, რომ ის წამალი მის მდგომარეობას ამძიმებს. ეს უკვე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პრობლემაა და უნდა მოაგვარონ. მოკლედ, ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივ პასუხისმგებლობაზე დგას ქართველი ხალხის ბედი, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

Facebook Comments Box